დედამიწა სახეობათა მეექვსე მასიური გადაშენების ზღვარზეა

დედამიწა სახეობათა მეექვსე მასიური გადაშენების ზღვარზეა, თუმცა ამჯერად დამნაშავე არა ასტეროიდი ან გამყინვარება, არამედ ადამიანია. მეცნიერების გათვლებით, დღეს მცენარეები და ცხოველები მინიმუმ 1000-ჯერ უფრო სწრაფად ქრებიან, ვიდრე ჩვენს გამოჩენამდე.

წარსულში პლანეტამ 5 დიდი კატასტროფა გადაიტანა – 440 მილიონი წლის წინანდელი ორდოვიკული კვდომიდან დაწყებული, 66 მილიონი წლის წინანდელი ასტეროიდით დასრულებული, რომელმაც დინოზავრების ეპოქა შეიწირა. ყველაზე სასტიკი მაინც 252 მილიონი წლის წინანდელი „დიდი კვდომა“ იყო, რომელმაც სახეობების თითქმის 97% გაანადგურა. დიუკის უნივერსიტეტის მკვლევრების თქმით, თუ ბუნებრივ პირობებში წელიწადში მილიონი სახეობიდან საშუალოდ მხოლოდ 0.1 ქრებოდა, დღეს ეს ციფრი 100-დან 1000-მდეა გაზრდილი.

ამ კატასტროფის მთავარი მიზეზი საბინადრო არეალის დაკარგვაა. ეკონომიკური განვითარების გამო ცოცხალ ორგანიზმებს საცხოვრებელი ადგილი აღარ რჩებათ, რასაც ემატება ბრაკონიერობა, კლიმატის ცვლილება და კაცობრიობის მხრიდან რესურსების გადამეტებული მოხმარება. ამის მსხვერპლი გახდნენ ბრაზილიური ქოჩრიანი მაიმუნი და ოკეანის გრძელფარფლებიანი ზვიგენი, რომელიც ერთ დროს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მტაცებელი იყო, დღეს კი გაიშვიათდა.

მიუხედავად მძიმე სურათისა, იმედი მაინც არსებობს. ტექნოლოგიების, ინფორმაციის სწრაფი გავრცელებისა და ბიოლოგების თავდაუზოგავი შრომის წყალობით, ბევრი სახეობის გადარჩენა ხერხდება. მაგალითად, პატარა პრიმატი როზალია გადაშენებული ეგონათ, თუმცა ტყვეობაში გამრავლებისა და ველურ ბუნებაში დაბრუნების პროგრამამ ის სრულ განადგურებას გადაარჩინა. საერთო ჯამში, დაცული ტერიტორიების შექმნით, ძუძუმწოვრების, ფრინველებისა და ამფიბიების გადაშენების ტემპი უკვე 20%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პლანეტის გადარჩენა ჯერ კიდევ ჩვენს ხელშია

წყარო: https://www.dailymail.com/sciencetech/article-2643368/We-brink-sixth-great-extinction-plants-animals-extinct-1-000-times-faster-humans-arrived-scientists-warn.html

დატოვე კომენტარი