,,ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა”🥀

სიყვარული ბიოქიმიური პროცესების ნამდვილი ფეიერვერკია და როდესაც ვინმე გვიყვარდება, ჩვენი ტვინი სამ განსხვავებულ ქიმიურ ფაზას გადის.

პირველ გიჟურ ნაპერწკალს ფენილეთილამინი აჩენს, რომელსაც ხშირად „სიყვარულის მოლეკულასაც“ უწოდებენ. სწორედ ეს ნივთიერება იწვევს იმ მყისიერ, თავბრუდამხვევ მიზიდულობას, როცა ადამიანის დანახვაზე გული საგულედან გვივარდება, ხელები გვიოფლიანდება და მუცელში „პეპლები“ იწყებენ ფრენას. ის მოქმედებს როგორც ბუნებრივი ამფეტამინი, რაც გვაძლევს ენერგიის მოზღვავებას და გვიკარგავს ძილისა თუ მადის შეგრძნებას.

როცა პირველი ნაპერწკალი გაღვივდება, საქმეში დოფამინი ერთვება, რომელიც სიამოვნებისა და ჯილდოს ჰორმონია. ტვინი ამ დროს აცნობიერებს, რომ ეს კონკრეტული ადამიანი ბედნიერებას ანიჭებს და მოითხოვს, რომ პარტნიორზე ვიყოთ ფოკუსირებულები. დოფამინთან ერთად აქტიურდება ნორადრენალინიც, რომელიც ყურადღებას გვიმახვილებს და გვეხმარება საყვარელი ადამიანის ყოველი დეტალის დამახსოვრებაში.

ვნება და თავბრუსხვევა სამუდამოდ ვერ გაგრძელდება, რადგან ტვინი უბრალოდ გადაიწვებოდა, ამიტომ დროთა განმავლობაში პირველი ეიფორია მშვიდ, ღრმა კავშირში გადადის, რაზეც პასუხისმგებელი ოქსიტოცინია. მას „ჩახუტების ჰორმონსაც“ უწოდებენ, რადგან ის გამოიყოფა ფიზიკური სიახლოვისას, შეხებისას და პარტნიორებს შორის ნდობას, სიმშვიდესა და უსაფრთხოების განცდას აყალიბებს.

საინტერესოა ისიც, რომ როდესაც ადამიანები ერთმანეთს შორდებიან, ორგანიზმში ამ ჰორმონების დონე მკვეთრად ეცემა, რაც ფიზიკურ ტკივილთან ასოცირებულ რეცეპტორებს ააქტიურებს. ჰოდა, „გატეხილი გული“ რეალური ბიოქიმიური პროცესია, ასე რომ, როცა გრძნობთ, რომ ვიღაც გიყვართ, იცოდეთ, რომ თქვენს ორგანიზმში უნიკალური, ულამაზესი და უზუსტესი ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი