შორს, კოსმოსის თითქმის სრულყოფილ ვაკუუმში, სადაც მატერიის სიმკვრივე უკიდურესად დაბალია, არსებობენ ვარსკვლავები, პლაზმისგან შემდგარი გრავიტაციულად შეკრული ობიექტები, რომლებიც ენერგიას იღებენ ბირთვული სინთეზის პროცესებიდან. მათ ბირთვებში მიმდინარეობს ბირთვული შერწყმა. თერმობირთვული რეაქციების ჯაჭვი, რომლის დროსაც მსუბუქი ელემენტები გარდაიქმნება უფრო მძიმე ბირთვებად და ამ პროცესში მასის ნაწილი ენერგიად გარდაიქმნება.
ვარსკვლავის ბირთვში მოქმედებს უკიდურესი ფიზიკური პირობები: ტემპერატურა აღწევს მილიონობით კელვინს, ხოლო წნევა განისაზღვრება გრავიტაციული კოლაფსით, რომელიც პლაზმას ცენტრისკენ აწვება. ამ პირობებში წყალბადის ბირთვები (პროტონები) გადალახავენ კულონურ ბარიერს და იწყებენ შერწყმას, რაც წარმოქმნის ჰელიუმს და ათავისუფლებს უზარმაზარ ენერგიას ფოტონებისა და ნაწილაკების სახით.
ეს პროცესი ემორჩილება მასისა და ენერგიის ეკვივალენტობის პრინციპს, რომელიც აღწერილია ფორმულით:
E = mc²
მზე, როგორც საშუალო მასის ვარსკვლავი, წამში დაახლოებით ასეულ მილიონ ტონაზე მეტი წყალბადს გარდაქმნის ჰელიუმად, ხოლო მიღებული ენერგია გამოსხივების სახით ვრცელდება ელექტრომაგნიტური სპექტრის ფარგლებში-რადიაციიდან ხილულ სინათლემდე და ინფრაწითელ გამოსხივებამდე. ეს ენერგია უზრუნველყოფს პლანეტარული სისტემების თერმულ სტაბილურობასა და სიცოცხლისთვის აუცილებელ ენერგეტიკულ ბალანსს.
თერმობირთვული სინთეზი წარმოადგენს ვარსკვლავური ევოლუციის ძირითად მამოძრავებელ მექანიზმს. როდესაც ვარსკვლავის ბირთვში საწვავი ამოიწურება, გრავიტაციული კოლაფსი იწყებს დომინირებას, რაც დამოკიდებულია ვარსკვლავის მასაზე იწვევს სხვადასხვა საბოლოო მდგომარეობას -თეთრ ჯუჯას, ნეიტრონულ ვარსკვლავს ან სუპერნოვას აფეთქებას.
სუპერნოვას აფეთქება არის ერთ-ერთი ყველაზე ენერგეტიკული მოვლენა სამყაროში, რომლის დროსაც ხდება მძიმე ელემენტების სინთეზი ვარსკვლავური ნუკლეოსინთეზის პროცესის ფარგლებში. სწორედ ამ მოვლენებში წარმოიქმნება რკინა, ოქრო და სხვა მძიმე ელემენტები, რომლებიც შემდგომში მონაწილეობენ პლანეტების, ატმოსფეროების და ბიოლოგიური სისტემების ფორმირებაში.
ვარსკვლავები წარმოადგენენ მატერიის ევოლუციის ცენტრალურ ლაბორატორიებს. მათი დაბადება, ცხოვრება და სიკვდილი ქმნის კოსმოსურ ციკლს, სადაც მატერია მუდმივად გარდაიქმნება, იფანტება და ხელახლა კონდენსირდება ახალ ვარსკვლავურ სისტემებად.
ეს არის სამყაროს ფუნდამენტური კანონი — უწყვეტი ენერგეტიკული და მატერიალური ცირკულაცია, რომელიც აერთიანებს გრავიტაციას, ბირთვულ ძალებსა და კვანტურ პროცესებს ერთ დიდ, დინამიკურ კოსმოსურ სისტემაში.

ავტორი: ელენე შენგელია