“მან არ იცის, რომ მე ვარსებობ. აღარც კი ახსოვს, რომ ჩვენ შეიძლება ვარსებობდით. ისინიც მეჯავრება, ვისაც პრეზიდენტი ეჯავრება ან უყვარს. პარტიულები, უპარტიოები, კავშირელები, გუნდელები, უგუნდოები, უკავშიროები, მეჯავრება ლტოლვილები და თბილისელებიც, რომლებსაც ერთმანეთი ეჯავრებათ.”(სპაზმები)
“კეთილი იყოს თქვენი მობრძანება”-ეს ძველი შემორჩენილი აბრაა და ეს სიტყვები სულაც არ არის განკუთვნილი მათთვის, ვინც დღეს “დაუპატიჟებლად” ცხოვრობს სასტუმრო “ივერიაში”. ამ ხალხმა თვითონაც არ იცის, აქ სტუმარია თუ მასპინძელი.
მეორე თუ მესამე კლასის სახელმძღვანელოში იყო პატარა გაკვეთილი-“თბილისი”. ბევრმა მათგანმა ალბათ ამ სახელმძღვანელოდან თუ იცოდა, ისიც ყურმოკვრით, რომ “ივერია” “მაგარი” სასტუმრო იყო. აქ მხოლოდ უცხოელები ცხოვრობდნენ და ჩუმ-ჩუმად მდიდარი “კომუნისტებიც” დადიოდნენ.
ქალაქის ცენტრში აღმართული შენობა (თვალში არ მოგვხდება, თუ რა!) თბილისის სავიზიტო ბარათი იყო. ახლაც ასეა-ეს ჩვენი რეაულური ყოფაა. აივანზე გადმოფენილი სარეცხი, ზაფხულში მზისგან დასაცავად და ზამთარში სითბოს შესანაჩუნებლად დაკიდებული ზეწრები დამარცხების თეთრი ალმებივით ფრიალებენ “ივერიის” აივნებზე.
ომის შემდეგ ამ შენობაში, რომელიც აღარც სასტუმროს ჰგავს და აღარც საცხოვრებელ სახლს, დღე არ გავა, ჟურნალისტმა არ შემოიხედოს. ნელ-ნელა ლტოლვილები გაცვეთილ თემად იქცა. როდესაც ერთ-ერთ ქალბატონს ვესაუბრებოდი, ზეპირად იცოდა ის “ტექსტი”, რომელიც ჩემთან უნდა მოეყოლა. ჩვენც ზეპირად ვიცით, როგორ დაეცა სოხუმი, როგორ დაკარგეს შვილები, ქმრები, როგორ გადმოისროლა ბედის ტალღამ მშობლიური გაგრიდან, სოხუმიდან, როგორ აძლევენ სამადლოდ თორმეტ ლარს.
შენობაში უსიამოვნო სუნი დგას. კაბელი გადამწვარია და ძველ დერეფნებში ახეული ნოხები თუ გაშიშვლებული კანალიზაციის მილები განწყობილებას კიდევ უფრო ამძიმებს.
მესამე სართულზე, ერთ-ერთ ოთახში კარი ღიაა. მასპინძელი ნანა ფოფხაძე ოთახში გვეპატიჟება. მოსკოვიდან ჩამოსული მეგობარი ჰყავს სტუმრად.
“ეს ოთახი სამას დოლარად ვიყიდე თბილისელი ქალისგან. ბინა აუშენეს და გადავიდა. ყველაფერი წაიღო: ორი სავარძელი, სარკე, ნათურებიც კი მოხსნა. მხოლოდ ეს საწოლი დატოვა. დანარჩენი, რასაც ხედავთ, თვითონ შევიძინე ნელ-ნელა. აქ გერმანელი ქალი ცხოვრობდა, ჩვენს ცხოვრებაზე წიგნს წერდა, შემპირდა, როცა დავამთავრებ და გამოვცემ, აუცილებლად გაჩუქებო. გიჟდებოდა, ასე როგორ ცხოვრობთო!”
ამ გერმანელი ქალისა რა მოგახსენოთ, მე კი ავდივარ და ჩავდივარ ამ კიბეებზე და მერიდება, ვინმეს რამე ვკითხო, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი სტატიით გაზეთის გვერდი შევავსო. გზას უხერხულად ვუთმობ კიბეზე მძიმედ ამომავალ შაოსანს და ბლოკნოტს უკან ვმალავ. მეხუთე სართულზე ახალგაზრდა კაცი კოჭლობით გადის აივანზე, გულგატეხილი და ჯანგატეხილი ტარიელ ჩუბინიძე მეორე ჯგუფის ინვალიდია.
“აქ ბიძია შენისთანა ათასი მოდის. ხალხი ლაპარაკით დაიღალა, ისეთი განცდა მაქვს, ხელისუფლება იმასღა ელოდება, როდის მოვკვდებით. ბევრი ღიზიანდება, დამიხედე, ამ ლტოლვილებს, როგორ “ჩალიჩობენო”, აბა რა ვქნათ: იქ ხომ ძალიან კარგად ვცხოვრობდით, აქ კი თავის გატანას ძლივს ვცდილობთ. ჩვენი დანაზოგით “ივერიას” რემონტს ვუკეთებთ. ყველამ თავისი ოთახი გაარემონტა.ავეჯიც შევიძინეთ. ჩვენს მიწას რომ დაგვიბრუნებენ, ყველაფერს საჩუქრად დაგიტოვებთ. ცხრა წელიწადია აქა ვარ და ჯერ ერთი ფინჯანი ყავა არ დამილევია თბილისელთან. ძმაკაცთან მივედი სტუმრად, რომელიც თხუთმეტი წლის განმავლობაში ჩამოდიოდა ჩემთან. ოთახიდან დედამ გამოსძახა: მანდ, ლორია შემონახული და ხელი არ ახლოო, აქეთ მომიხდა მისი დაპატიჟება. მეტროში ჩასვლა მეზარება, ზიზღით გვიყურებენ, დამუნჯებული ხომ არ ვივლი, აქ უცხო ტომის კაციც კი ლტოლვილს მეძახის”..
ყველა სართულზე ჩამოხეული პლაკატია-“აფხაზეთი ჩემი სახლია”. დაკარგულია იმედი, რწმენა-ხელისუფლების მიმართ, სიყვარული-თბილისელებსა და ლტოლვილებს შორის. ეს ხალხი სამშობლოში უსამშობლოდ ცხოვრობს. აივნიდან მშვენიერი პანორამა იშლება, დავით აღმაშენებლის ძეგლი, შადრევანი. სასტუმროდან გამოსულს კი ძველი შემორჩენილი აბრა სამ ენაზე გვახსენებს “გეთაყვა, არ დაგავიწყდეს!” (ალბათ, გასაღების დატოვება, არა?!)

ავტორი: შურთხია ბეროშვილი
გაზეთი: ახალი ეპოქა, 2000 წელი